ახალი ამბები
ტრენინგების კურსი ,,აქტიური სწავლება საგნებში" 7 ათას მასწავლებელზეა გათვლილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7 000-ზე მეტ
მასწავლებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს
შესთავაზებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგები, ათასწლეულის
გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტის ფარგლებში, ტარდება.
საგნობრივი ტრენინგები 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდება
და დაგეგმილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, VII-XII კლასების
მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის
ენის საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადება,
რომლებმაც, მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტის ფარგლებში, უკვე გაიარეს ზოგადპროფესიული
უნარების კურსის მოდულები 2016-2017 წელს.
ტრენინგი ითვალისწინებს უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების
მონაწილეობას, შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო
მასალა და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის
მცოდნე ტრენერები.
ამჟამად, უკვე დასრულდა ტრენინგის ექვსი მოდულების საცდელი ფაზა
ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური
ენის სწავლებაში. საცდელ ფაზაში ცენტრის 132 ტრენერი იღებდა
მონაწილეობას.
„აქტიური სწავლება მასწავლებლებში“ ტრენინგი ითვალისწინებს რეალური
სასწავლო გარემოს მოდელირებას, სადაც მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ
საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების
მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და
შეიმუშაონ ამ მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრირების გეგმა.
ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს დაეხმარება
სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ
ცხოვრებასთან დაკავშირებული და XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და
ინტერესებზე მორგებული გახადოს. ტრენინგის დროს განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა კვლევებზე დაფუძნებული სწავლების
მეთოდებს.
სტატიის გამოყენების პირობები