ახალი ამბები
,,ღონიერი-გონიერის" ბიბლიოთეკის გახსნაზე რესტორანში 50-კაციანი სუფრა ბიუჯეტის ხარჯზე გაშალეს
2017 წლის პირველ აპრილს რესტორან ნაჭარმაგევში, სპორტული ცენტრის ბიუჯეტიდან, კვების მომსახურებაზე 1118 ლარი გადაიხადეს

ამის შესახებ დოკუმენტი შესყიდვების სამსახურმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულია, რომ რესტორანში სუფრა ,,თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის გახსნის" მიზნით გაიშალა.

სინამდვილეში არც მარტში და არც აპრილში გორში თავისუფალი ჭიდაობის ახალი დარბაზი არ გახსნილა. 

,,ეს სუფრა გაიშალა სტუმრებისთვის, რომლებიც პირველ აპრილს გორში ჩამოვიდნენ და ბიბლიოთეკა გახსნეს" - გვითხრა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა.

მისი თქმით, რესტორანში ისიც მიწვეული იყო, თუმცა, არ მივიდა.

რესტორან ნაჭარმაგევში ერთი ადამიანის კვების საფასური 25-დან 30 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, სუფრა 40-დან 50 კაცამდე გაითვალისწინეს.

1 აპრილს ბიბლიოთეკის გახსნაზე დედაქალაქიდან  გორში ოფიციალურად სულ ორი სტუმარი ჩავიდა: ესენი იყვნენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.

თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში 300 წიგნი ჩაიტანეს და გახსნეს ბიბლიოთეკა სახელწოდებით ,,ღონიერი-გონიერი"


Print

სტატიის გამოყენების პირობები