ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტიდან ,,ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში" 20-მდე ახალგაზრდა გაწევრიანდება
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში" გაწევრიანების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.

ამის შესახებ შიდ ქართლის საინფორმაციო ცენტრის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

კონკურსის შედეგად, დიპლომატიის საკითხით დაინტერესებული, 20 მოტივირებული, 16-დან 22 წლამდე ახალგაზრდა შეირჩევა და მათთან სპეციალისტების 10 თვის განმავლობაში იმუშავებენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია მოტივირებულობა და დაწყებული კურსის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა.

შესარჩევი პროცესი: მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორდონიანი შესარჩევი პროცესის საფუძველზე. პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების მეშვეობით შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებს ჩაუტარდებათ სატრენინგო მოდულები, გაიმართება დისკუსიები ამა თუ იმ თემაზე, მოეწყობა ფილმის ჩვენებები და მნიშვნელოვან მოვლენათა განხილვები. გარდა ამისა, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ ახალგაზრდულ შესაძლებლობებს (კონკურსები, სტიპენდიები, უფასო რეზიდენტული თუ ონლაინ კურსები და ა.შ.)

კლუბის წევრები პერიოდულად დაესწრებიან შეხვედრებს, სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დიპლომატები გაუზიარებენ ახალგაზრდებს თავიანთ გამოცდილებას, გააცნობენ საკუთარი ქვეყნის კულტურას, გასცემენ პასუხს კლუბის წევრების კითხვებს დიპლომატიის საკითხებზე.

ახალგაზრდული კლუბის წევრებს პერიოდულად ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში (ტრეინინგები, ახაგაზრდული გაცვლები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ).

ტრეინინგები ჩატარდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციის გაგზავნის ვადა 3 მაისს 18:00 საათზე ამოიწურება.

საქართველოს ახალგაზრდთა დიპლომატთა კლუბი (YDCG) დაფუძნდა 2012 წელს იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას ახალგაზრდა დიპლომატთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით.

კლუბი ეხმარება ახალგაზრდა პროფესიონალებს უფრო მეტი ცოდნა მიიღონ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები