ახალი ამბები
გორში სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გაიმართა
დღეს, ქალაქ გორში, შრომის უფლებების დაცვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის, სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და მოქალაქეები, საპირველმაისო მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, თეატრის ეზოში შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, საქართველოში მშრომელთა უფლებები მუდმივად და მასიურად ირღვევა. 2011-2016 წლებში 1050 ადამიანი დაშავდა და დაიღუპა სამუშაო ადგილებზე.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს ქმედით შრომის ინსპექციას, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულების შრომითი პირობები და გამოსცეს საჯარო და შესასრულებლად სავალდებულო დასკვნები.

ამასთან, ჩვენ გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე შრომის ინსპექცია, რადგან ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებულია. შრომის ინსპექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქალთა სპეციფიურ საჭირობებს და შეისწავლოს:

1.ორსულობის, მშობიარობის, დედობით და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტები 2.სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები; 3.ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასებს შორის 36% განსხვავების მიზეზები; 4.სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა

ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად მოგმართავთ:

- საქართველოს მთავრობას - გამოიჩინეთ პოლიტიკური ნება, და შექმენით სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი. -კერძო სექტორს - აიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა და უზრუნველყავით არადისკრიმინაციული და უსაფრთხო შრომითი გარემო. -მშრომელებს, განსაკუთრებით კი მშრომელ ქალებს - გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ შრომის ღირსეული პირობები.

აქციები გაიმართა შემდეგ ქალაქებში: ქობულეთი - გამგეობასთან (სკვერში) მარნეული - კულტურის სახლთან (სკვერში) გორი - თეატრის ეზოში; წნორი - ცოდნის კაფესთან; ზუგდიდი - ცენტრალურ ბულვარში; თელავი - თეატრის მიმდებარე ტერიტორია

კამპანიას მხარს უჭერს "ქალთა ფონდი საქართველოში"

კახა ქარელის ფოტოები

Print

სტატიის გამოყენების პირობები