ახალი ამბები
მანია ბებოს სიხარული და ვარამი - ნიქოზში გაჭირვებულ მოხუცებს სადილს სახლში მიუტანენ
83-წლის მარიამ კანდელაკი ალიზით აშენებულ სახლში მარტო ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის ჭერი დაწეულია, სახურავი - დაზიანებულია. ნალექის დროს, წვიმა ჩადის.

სოციალურად დაუცველი მოხუცი სხვის სახლში ცხოვრობს, თუმცა, ქირას არ ახდევინებენ. 8 წლის წინ პოლიცია საგუშაგოდ იყენებდა.

2 მაისიდან, ყოველ სამშაბათს და შაბათს ორგანიზაცია ,,სხივის" წევრები სადილად საკვებს მიუტანენ. მანია ბებოს ეს ამბავი პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო მინდიაშვილმა ახარა.

ნინო მინდიაშვილი რამდენიმე წელია, სოფელ ნიქოზში, ქალთა ორგანიზაცია ,,თანხმობის" წარმომადგენელია. რამდენიმე ადგილობრივთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმის კლუბი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, პროექტ ,,ღირსეულ სიბერეს" ჩაუდგა სათავეში. ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებთან მიდიან, ეხმარებიან ყველაფერში.

,,სწორედ, ამ გარემოებებმა გვიბიძგა იქითკენ, რომ მოგვეფიქრებინა მობილური კვების სერვისი" - ამბობს ნინო მინდიაშვილი.

სოფელ ნიქოზის თემში შემავალ სამი სოფლის გაჭირვებულ 35 მოხუცს მისი გუნდის წევრები კვირაში ორჯერ საკვებით მოემსახურება. მათ შორის, სწორედ, მარიამ კანდელაკია.

83-წლის ქალს ოჯახი არ აქვს. ახალგაზრდობაში ცხინვალში მუშაობდა. სამოთახიანი ბინა მისცეს, მაგრამ ომის შემდეგ, დევნილად იქცა.

ამჟმად, საკუთარი ძალებით გადაადგილება უჭირს. სოციალური დახმარებით ცხოვრობს. მის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთს კი, სხვები ამუშავებენ, რომლებიც ქირის სახით, შემდეგ მცირე რაოდენობით მოსავალს აძლევენ.

პროექტი “ ,,ჯანსაღი საკვები, ხანგძლივი სიცოცხლე პრეზენტაცია“ ხორციელდება PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, ტყიბული,ზუგდიდი, გორი), რომლის მიზანია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები