ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად 30 სამარხის გათხრა დაიწყო
3 მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) 90-ანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ნეშტების მოსაძიებლად მორიგი გათხრები დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, მაია ქარდავას ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტ-ანთროპოლოგები ამ პროცესს შიდა ქართლში სამი სამარხის გათხრით იწყებენ. ამათგან - ორი გორში და ერთი - კასპში.

,,ინფორმაცია ამ სამარხების შესახებ შეგროვდა 2010 წელს წჯსკ-ს ეგიდით შექმნილი ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ერთი მექანიზმის ფარგლებში ქართველი და აფხაზი მონაწილეები, ხოლო მეორე მექანიზმის - ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ, რათა პასუხი გაეცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრებს. ამპლატფორმების ერთადერთი მიზანია გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, ვინც კონფლიქტებიდან ათეული წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული." - აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

2017 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში წჯსკ გეგმავს 30-ზე მეტი პოტენციური სამარხის გახსნას შიდა ქართლში, იმერეთში, აფხაზეთსა და თბილისის შემოგარენში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 150 ადამიანის ნეშტი იქნება მოძიებული.

2010-2016 წლებში 249 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 107 ამოცნობილია. ისინი ოჯახებს გადაეცა და პატივით დაიკრძალა. დანარჩენი 142 ნეშტის ამოცნობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები