ახალი ამბები
,,მათრახი" და ,,მახვილი თვალი" - გორის კედლის გაზეთები
დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.

ეს დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა იუნესკო-სთან ნამიბიის სემინარზე ცნობილი "ვინდჰუკის" დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტურ მედიას განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აუცილებელ ფაქტორს.

ორი წლის შემდეგ კი, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა.

ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.



გორის არქივში ადგილობრივი პრესის უნიკალური დოკუმენტები ინახება. ქეთევან მაჭარაშვილი, რომელიც წლებია არქივის თანამშრომელია, ძველი პრესის ნიმუშებს დღესაც ახარისხებს.

ფაქტობრივად იგი ის ადამიანია, რომელსაც საქმე პირველ წყაროებთან აქვს.

გორში, 1961 წლამდე გაზეთი ,,სტალინელი" გამოდიოდა. შემდეგ უკვე, 1961 წლიდან გაზეთი ,,გორი" ჩანს.

1962 წლის მაისის პირველ ნომერში წერია, რომ გორი საბჭოთა პრესის დღისთვის ემზადებოდა. ის 5 მაისს აღინიშნებოდა, რადგან 1912 წლის 5 მაისს ბოლშევიკური გაზეთი ,,პრავდა" დაარსდა.

5 მაისს საქალაქო კომიტეტში ქალაქის პირველმა მდივანმა ილარიშვილმა მოწინავე კედლის გაზეთების ხელმძღვანელები დააჯილდოვა.

პირველი პრიზი კომბინატის ბამბეულის ქსოვილების ქარხნის კედლის გაზეთს ,,გამომყვანს" ერგო.

მეორე პრიზი - კომბინატის იუმორისტულ გაზეთს ,,მახვილ თვალს" და მეცხრე სკოლის კედლის გაზეთს ,,პიონერს"

მესამე პრიზი - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის ინსტიტუტის გაზეთს ,,მათრახს".

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია კედლის გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსი. ,,სტალინელებში" კრიმინალური ფაქტი გამოქვეყნდა.

ერთერთმა მოქალაქემ, რომელიც ალკოჰოლის ქვეშ იმყოფებოდა, საბჭოს ქუჩაზე (ამჟამინდელი აღმაშენებელი) დეკანოსიძეების სახლიდან ხალიჩა მოიპარა.

,,ქურდი თამამად შევიდა დასახელებული ბინის საცხოვრებელ ეზოში. აიღო მოიაჯირზე გადაკიდებული 4 მ სიგრძის ხალიჩა და ის ის იყო დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ სად გაესაღებინა ,,ნადავლი", რომ მოქალაქეებმა დააკავეს." - წერია გაზეთში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები