2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში
ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული
წლის ანალოგიურ მონაცემებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში
ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით
აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და
აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის
ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი
შეთანხმებულად მუშაობს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი
-2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი -
602 407 ბოთლი.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2
391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264),
ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38%
(145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212),
პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა.
ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5
ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ს
აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410
ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით
მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული
წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი
ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები
საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის
ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები