ახალი ამბები
ანსამბლ "მაჩაბელას" წევრები პოლონელებს ქართულ ფოლკლორსა და ეროვნულ საკრავებზე დაკვრას შეასწავლიან
გორის მუნიციპლიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და რაჩიეჰოვიცეს გამგებელმა მარეკ გაბზდილმა ხელი მოაწრეს საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მხარეები განათლების, კულტურის, სპორტისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის ანსამბლ "მაჩაბელას" კონცერტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების, მუსიკალური შემოქმედებითი კოლექტივებისა და სამუსიკო სასწავლებლების ხელმძღვანელების თხოვნით, გადაწყდა, რომ პოლონელ ბავშვებს "მაჩაბელას" წევრები ქართულ ფოლკლორსა და ეროვნულ საკრავებზე დაკვრას შეასწავლიან.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პოლონური წარმოშობის ახალგაზრდები, პოლონეთში, რაჩიეჰოვიცეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდები გაეცნობიან პოლონურ კულტურას, ტრადიციებს, სამზარეულოს, გაივლიან პოლონური ენის სპეციალურ კურსს. პროექტის მონაწილეები უკვე შერჩეულია და ამ ეტაპზე ვიზიტის დეტალები ზუსტდება.

რაჩიეჰოვიცეს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივას, პოლონური მხარე დააფინანსებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები