ახალი ამბები
აღაიანთან მდინარე ქსნის დაბინძურების გამო ასფალტის ქარხანა დააჯარიმეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან არასაწარმოო ნარჩენებით წყლის დაბინძურების ფაქტზე კომპანია დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა ​12652,95 ლარი შეადგინა.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა მოაწყეს.

წყლის დაბინძურების ფაქტი, სოფელ აღაიანის მიმდებარედ, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე დააფიქსირეს.

,,კომპანიამ დაარღვია არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი, რამაც, შესაბამისად, წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, წყლის ობიექტის დაბინძურება გამოიწვია." - აღნიშნავენ სამინისტროს პრეს-სამსახურში.

კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, სასამართლოს გადაეგზავნა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები