ახალი ამბები
ბოლო ათ წელიწადში მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 42%-ით შემცირდა
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით ხდება ცნობილი.

თუკი, 2006 წელს, ყოველ ათას ბავშვზე, საშულოდ, მკვდრადშობილი 16.8 იყო, 2016 წლის მონაცემებით, ამ ციფრმა 9,8 შეადგინა.

აქედან, ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები - სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, შიდა ქართლში, 2016 წლის მონაცემებით, ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე მკვდრადშობადობის რიცხვი 6-მდე დავიდა.

მიუხედავად ამისა, საერთო მაჩვენებელი, ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე, კვლავ მაღალია.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მაღალი პროცენტული წილი (62%) გესტაციურ ასაკზე (≥28 კვირის) მოდის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. პერინატალური აუდიტის სისტემის დანერგვა და გაძლიერება, რადგან იგი საშუალებას მოსცემს შეისწავლონ მკვდრადშობადობის მიზეზები, განსაკუთრებით ორსულობის ≥37 კვირის ვადაზე.

საჭიროა, ასევე, მაღალი რისკის ორსულთა სკრინინგის გაუმჯობესება, რისკ-ფაქტორების ადრეული გამოვლენა და გართულებების დროული და ადექვატური მენეჯმენტი საწყის ეტაპზე (განსაკუთრებით, პრეეკლამფსიისა და ნაყოფის განვითარების შეფერხების შემთხვევებში) მნიშვნელოვნად შეამცირებს ანტენატალურ პერიოდში ნაყოფის სიკვდილის შემთხვევების რაოდენობას.

ყურადღებას საჭიროებს სამეანო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ, გართულებების დროული იდენტიფიცირება და ადექვატური მენეჯმენტი, მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაყოფის სიკვდილის შემთხვევების რაოდენობას ინტრანატალურ პერიოდში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები