ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლამ ევროკავშირის თემაზე შექმნილ პროექტების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გორის მე-12 სკოლის პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა.

ამის შესახებ დღეს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პროექტის ავტორი, მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია ესტონეთში მიიწვიეს.

ლელა წურწუმიას ინიციატივით და ორგანიზებით, მოსწავლეებმა გორის ციხეზე ევროკავშირის თემაზე, მასშტაბური თამაში მოაწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად წერდა.



იხ. თამაშის სრული ვერსია აქ:

კონფერენცია - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ - ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ჩატარდა.

კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.

კონფერენცია სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ესტონეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ფელიქს ჰეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

სემინარში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აპრილის თვეში გამოაცხადა.

რეგისტრირებული მასწავლებლებიდან, საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 100 პედაგოგი შეირჩა.

აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარადგინეს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები