ახალი ამბები
ერგნეთში ოფიციალურ თბილისს ახალი მავთულხლართების გამბის შესახებ აცნობეს
დღეს, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურ თბილისს ახალი ამბავი შეატყობინეს.

დავით სანაკოევის განცხადებით, მავთულხლართების გაბმა, ამჯერად, ზნაურის რაიონის მიმართულებით განახლდება.

ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, ახალი ბადეები სოფელ არანგარანთან გაივლება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 77-ე შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც ადგილი  ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდა.

თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება  ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე გაამახვილეს.

გიუნაშვილს დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ დივერსიული აქტების მოწყობაში და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებებში დასდო მსჯავრი.

ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზირებული.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის  ქმედებები უკანონოა, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები