ახალი ამბები
სკოლა ,,თამარიონის" მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
გორში, არტ-კაფეში გამართული ღონისძიება სკოლა თამარიონის მოსწავლეებმა ,,თამარობას” მიუძღვნეს.

სხვადასხვა საგანში მიღწეული წარმატებები მათ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს წარუდგინეს.

აქტივობის ძირითადი ნაწილი კი თამარ მეფის მოღვაწეობასა და თანასწორობის საკითხების განხილვას დაეთმო. მოსწავლეებმა საკუთარ პრეზენტაციებში ქალი პოლიტიკოსების მოკლე ისტორიებზე, ასევე ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებმა სტუმრებს თამარის სახელთან დაკავშირებული ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ უამბეს და გამოკითხვის შედეგებიც გააცნეს, რომელიც გორში ჩაატარეს.

,,აღმოჩნდა, რომ 30 გამოკითხულიდან თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ბრძოლების, მისი მეფობის ხანის და საფლავის შესახებ სწორი პასუხი თითქმის ნახევარს ჰქონდა. თამარობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ქალაქის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი, გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი თამარ მურალოვა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია, რომლებმაც საკუთარი მაგალითების განხილვით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებულ დაბრკოლებებზე ისაუბრეს." - აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამარ უთნელიშვილი.

ღონისძიება არტ-კაფეში მოსწავლეების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით დასრულდა.

,,თამარიონის დღეები” სკოლა თამარიონის ტრადიციაა, რომელსაც მოსწავლეები ყოველ წელს მსგავსი აქტივობებით აღნიშნავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები