ახალი ამბები
სოფელ იონჩას მეზობლები - მავთულხლართების მოლოდინში (VIDEO)
სოფელი იონჩა პატარა ფერდობზეა შეფენილი.

მის ქვემოთ მიწის კერძო ნაკვეთებია, თანაც, ყველა დამუშავებული.

გზაზე საქართველოს პოლიციის მანქანა პატრულირებს.

ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო, მხოლოდ, გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე ნაკვეთში მომუშავე მინიტრაქტორის ხმა ისმოდა.

ხახვსა და ახლადამოსულ ლობიოს ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში მცხოვრები ქალები თოხნიდნენ. მიგვანიშნეს, რომ სადაც დამუშავებული ნაკვეთები მთავრდება, სავარაუდოდ, მანდ გაავლებენ მავთულხლართებს.

თუმცა, დარწმუნებულები არ არიან, თუ რომელი რუკით იხელმძღვანელებს დე-ფაქტო მთავრობა, რადგან მეზობელ სოფელ ღოღეთთან ბანერებმა და მავთულებმა, სწორედ, დამუშავებული მიწებიც მოიყოლა 2013 წელს.




სოფელი იონჩა (არანგარანი) 



ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისრაციულ საზღვართან იონჩას, უშუალოდ, სოფელი თამარაშენი ესაზღვრება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციამ მას სახელი შეუცვალა და არანგარანი უწოდა.

ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს განაცხადეს, რომ არანგარანთან ერთ თვეში მავთულხლართები გაიბმება.

დავით სანაკოევმა არგუმენტად საქონლის დაკარგვის ფაქტები მოიშველია. ასევე, განაცხადა, რომ ღია ზოლი ორივე მხრიდან მოქალაქეების გადასვლა-გადმოსვლას უწყობს ხელს.

სოფელ თამარაშენში აცხადებენ, რომ იონჩადან ან იონჩაში გადასული საქონელი მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს დაიკარგა.

,,მწყემსები ვფრთხილობთ. თანაც ეგ ისეთი ტერიტორიაა, სულ ნათესებია. საქონელს არც ჩვენ ვაძოვებთ მანდ და არც იმათ გადმოჰყავთ" - გვითხრა მწყემსმა ხუციშვილმა.

ვასილ ბეშკენაშვილი კი, ამბობს, რომ ამჟამინდელ არანგორანთან მიწის ნაკვეთი ჰქონდა იჯარით აღებული.



,,ვთესავდით ქერსა და ხორბალს, მაგამ ამ ომის შემდეგ, სრულად ვერ ვამუშავებთ. ახლოს მაინც ვერიდებით მისვლას" - გვითხრა ვასილ ბეშკენაშვილმა.

სანაკოევის განცხადებას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს საქართველოს მთავრობის მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ქეთევან ციხელაშვილი.

მისი თქმით, ასეთი ხელოვნური ბარიერების შექმნა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვებ მოსახლეობას იზოლაციაში ამყოფებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები