ახალი ამბები
გორში საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით ,,ფონდების მოძიების სტრატეგია“ გაიმართება
გორში საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით ,,ფონდების მოძიების სტრატეგია“ გაიმართება

ღონისძიება, რომლის მიზანია ევროპული ფონდების მოძიების გზების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ოთხ დღეს 18, 19, 20 და 21 მაისს გასტანს. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზი უმასპინძლებს.

ფორუმი 18 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება. გარდა მონაწილეებისა, ღონისძიების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან პოლონეთისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში მარიუს მაშკევიჩი და იანის ზლამეტსი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

18-19 მაისს ღონისძიების მონაწილე ქვეყნების საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის და ლატვიის წარმომადგენლები ევროპული ფონდების მოძიების პრაქტიკის საილუსტრაციოდ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. შეხვედრები 12:00 - დან 19:00 სააათამდე გაგრძელდება.

20 მაისს ფორუმის მონაწილეებისთვის მოეწყობა კულტურული ტური შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსანახულებლად.

21 მაისს, 12:00-დან 19:00 საათამდე დაგეგმილია მცირე ჯგუფებში მუშაობა, ღონისძიების შედეგების პრეზენტაციები და ფორუმის შეჯამება.

გორის საერთაშორისო ფორუმმა ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით წელს მეორედ იმართება. პირველი ფორუმი, რომლის თემა იყო ,,ინოვაციები მუნიციპალიტეტის მართვაში“, გასული წლის თებერვალში გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები