ახალი ამბები
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლი აღადგინეს
საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსურ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ამის თაობზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

,,ოსური სახლი" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გახსნა.

ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ქართველი და ოსი ხალხის საერთო წარსულის მეხსიერების შენარჩუნებასა და ისტორიული კულტურის ერთიანობის წარმოჩენას.

“ამ მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ექსპონატები მთლიანობაში ქართულ კულტურას ასახავს. იმ ყოფას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში." - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ოსური სახლი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება და ის, მუზეუმში, ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელს ჩაიტანეს.

,,ოსური კულტურა მთლიან, ქართულ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩვენი ოსი მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე დანარჩენ საქართველოში, ძალიან მდიდარი კულტურით გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი მონახულების საშუალება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის თანადამფინანსებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.




Print

სტატიის გამოყენების პირობები