ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებში ქართული არხები გაითიშა - მეზობლები ნორა ბებიასთან იკრიბებიან (VIDEO)
ნორა ასანიძე სოფელ კნოლევში მარტო ცხოვრობს.

დღის საათებში მასთან მეზობლებმა სტუმრობას მოუხშირეს.

ამის მიზეზი სოფელში ქართული არხების შეწყვეტა გახდა.

როგორც გაირკვა, მოსახლეობას ციფრული სიგნალების მისაღებად ახალი მიმღებების (ე.წ. რესივერების) შეძენა შესთავაზეს.

კნოლევში მცხოვრები ნელი გელაშვილი ამბობს, რომ მოწყობილობა 40 ლარი ღირს, ხოლო დაყენებაც 40 ლარი.

ჯამში 80 ლარის გადახდა კი, მასავით, უმრავლესობას არ შეუძლია. ნელი გელაშვილი 58 წლისაა და ჯერ საპენსიო ასაკსაც არაა მიღწეული. მას სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

ამჟამად, სოფელში მხოლოდ ტელეკომპანია ,,ჯიდიესი" აჩვენებს და ერთი რუსული არხი.

იმედი, რუსთავი 2, მაესტრო და სხვა დანარჩენი არხები გათიშულია.

ფასიანი ,,თეფშის"  წყალობით, ნორა ბებიასთან, თითქმის ყველა ქართული არხი აჩვენებს.

შვილები და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობენ და გადასახადს უხდიან.

,,როცა მირეკავენ თბილისიდან, მეკითხებიან, ბებია კინოს ხომ არ უყურებ? თუ კინოს ვუყურებ, მაშინ მითიშავენ, კარგი, კარგი, მერე დაგირეკავთო" - გვიყვება ქალბატონი ნორა.

მოსახლეობის ნაწილს კი, ,,რესივერების" არც დაყენების თანხა აქვს და არც ყოველთვიურად, თუნდაც ,,თეფშის" საფასურის, 25 ლარის გადახდის საშუალება.







ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები