მშენებარე ობიექტები დღეს ქალაქ გორის ვიცე-მერმა თამაზ შიოშვილმა
მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების
წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტების მიხედვით, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა
სარეკრეაციო და სპორტული ზონები ბავშვთა სასრიალოებით,
აიწონა-დაიწონას კონსტრუქციებით, დასასვენებელი სკამებით, დეკორატიული
განათებით, სანაგვე ურნებით, წყლის სოკო-შადრევნითა და
ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნით.
სამუშაოებს შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“ და შპს ,,ალონისი“ აწარმოებენ.
პროექტების ჯამური ღირებულება 124 400 ლარია.
ანწუხელიძის სკვერი და საფეხბურთო მოედანი სამოქალაქო ბიუჯეტით
დაფინანსებული პირველი პროექტებია, რომელთა შერჩევა ადგილობრივი
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით თანამონწილეობითი ბიუჯეტირების
პროექტის ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა.
,,ანწუხელიძის ქუჩა დღეისათვის კომბინატის დასახლების თითქმის ყველაზე
ამორტიზებული ქუჩაა აუთვისებელი ტერიტორიით, საბჭოური პერიოდის
მიტოვებული მიწისქვეშა ნაგებობებით და არსებული ნაგავსაყრელით.
აქაურობა ანტისანიტარულ გარემოსთან ერთად ბავშვებისთვის საშიშ
ტერიტორიასაც წარმოადგენდა. სკვერისა და მოედნის მოწყობის შემდეგ ჩვენ
დაგეგმილი გვაქვს ქუჩის მთლიანი კაპიტალური რეაბილიტაციაც. გარდა
ამისა, აქ დევნილთა სამინისტროს მიერ აშენებულია 8 ათსართულიანი
კორპუსი, სადაც უახლოეს მომავალში დევნილ ოჯახებსაც შეასახლებენ. ასე,
რომ დაახლოებით ზაფხულის ბოლოსთვის, ამ გავერანებული ტერიტორიის
ნაცვლად ჩვენი მოსახლეობა კეთილმოწყობილ, სუფთა და კომფორტულ გარემოს
მიიღებს“ - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები