ახალი ამბები
თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

პლენარული სხდომა მისასალმებელი სიტყვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ გახსნა.

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის“,- განაცხადა პაოლო ალიმ და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პაოლო ალი: „თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება - ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა. ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ამაყია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობით და ასევე, ასამბლეაც ამაყია, რომ სესიას საქართველომ უმასპინძლა“.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები