ახალი ამბები
ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პუნქტს სადემარკაციო ხაზთან თავისუფლად გადაადგილების შესახებ
ნატოს დღევანდელ ასამბლეაზე მიღებულ დეკლარაციას დამეტა ქვეპარაგრაფი, რომელიც გამყოფ ხაზთან მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების მოთხოვნას ეხება.

ამის შესახებ სხდომაზე საქართელოს დელეგაციის წარმომადგენელმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

თბილისში გამართული ასამბლეის სხდომა საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ხელოვნურ ბარიერებს მნის.

,,ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო.

ქართული დელეგაციის მოთხოვნას სრულად დაუჭირა მხარი დეკლარაციის მომხსენებელმა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად ასამბლეის წევრებმა დეკლარაცია შესაბამისი დამატებით მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები