ახალი ამბები
გორსა და თბილისში სხვისი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით ონლაინ-სესხები აიღეს
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია გორსა და თბილისში მცხოვრები 5 პირი.

ამჟამინდელი ვერსიით, დაკავებულები, სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება.

პოლიცია აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ისინი, კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის  მუხლით დააკავეს. 

დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ.

გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).
Print

სტატიის გამოყენების პირობები