ახალი ამბები
სკრის გზის ტენდერის საიდუმლო - გამგეობის გადაწყვეტილება პარლამენტარის კომპანიის სასარგებლოდ
სადაზღვევო კომპანია ,,არდი" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამშენებლო კომპანია ,,ამხანაგობა მშენებელის" მიმართ უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფელ სკრის დევნილთა დასახლების გზის ტენდერი ჩაიშალა.

კომპანია ,,ამხანაგობა მშენებელს" სატენდერო კომისიამ, გამგებლის მოადგილის, გელა კაპანაძის თავმჯდომარეობით, დისკვალიფიკაცია დღეს, 29 მაისს, მიანიჭა.

გელა კაპანაძე ,,ქართული ოცნების' გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იყო საპარლამენტო არჩევნებზე.

ტენდერი სოფელი სკრიდან დევნილთა დასახლების გზის მოასფალტებაზე

საქმე იმაშია, რომ 4 მაისს გამოცხადდა ტენდერი აუქციონის გარეშე, რომლის ღირებულება 300 000 ლარი იყო.

აღნიშნული ტიპის ტენდერში კომპანიების ვინაობა მას შემდეგ ხდება ცნობილი, როდესაც სატენდერო კომისია განხილვებს იწყებს. 

29 მაისს, განხილვისას, ცნობილი გახდა, მხოლოდ, ორი კომპანიის  -   ,,იბოლია" და ,,ამხანაგობა მშენებელის" შესახებ.

კომპანია ,,იბოლიამ", რომლის დამფუძნებელი და მფლობელი პარლამენტარი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, ტენდერში მაქსიმალური ფასი 300 000 ლარი მიუთითა.

მეორე კომპანიამ, თბილისში რეგისტრირებულმა ,,ამხანაგობა მშენებელმა" კი, 252 000 ლარი.

მაკრახიძის კომპანიამ მეორე და მესამე რაუნდზე მონაწილეობა აღარ მიიღო.

,,ამხანაგობა მშენებელს" კი, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის საფუძველი საბანკო გარანტიის წარუდგენლობა გახდა.

რეალურად, ,,ამხანაგობა მშენებელმა", საბანკო გარანტიის ნაცვლად, სადაზღვევო კომპანია ,,არდის" მიერ გაცემული გარანტია წარადგინა.

გამგეობის მიერ შედგენილ ვალდებულებებში წერია, რომ კომპანიას, მხოლოდ, საბანკო გარანტიის ფურცელი უნდა წარედგინა.

სადაზღვევო კომპანია ,,არდის" პროტესტი

,,სადაზღვევო კომპანია, კომერციულ ბანკებთან ერთად, წარმოადგენს მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც დადგენილი წესის სრული დაცვით ახორციელებს უფლებამოსილებას." - აცხადებს ,,არდის" წარმომადგენელი ნინო ლიპარტია, რომელმაც საჩივარი შესყიდვების სააგენტოში გაგზავნა.

ნინო ლიპარტიას ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში დაუშვებელია ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს, კომერციულ ბანკებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

,,სახელმწიფო ზედმხედველობის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ სადაზღვევო კომპანიათა შესახებ, რომელთაც აქვთ უფლება გასცენ საბანკო გარანტია. აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია ყოველთვიურად. ამ მონაცემებით ცხადად სჩანს, რომ სადაზღვევო კომპანია არდი სადაზღვევო ინდუსტრიის ამ სეგმენტის უპირობო ლიდერს წარმოადგენს." - აღნიშნავს ლიპარტია.

მისი აზრით, სრულიად დაუსაბუთებელია, მხოლოდ, კომერციული ბანკის გაცემული საგარანტიო ფურცლის წარდგენის თაობაზე, გამგეობის მოთხოვნა.

,,გამგეობა, დაუსაბუთებლად აწესებს უკანონო შესყიდვას, რომლითაც იზღუდება სადაზღვევო კომპანიისა და იმ მიმწოდებელთა ინტერესები, რომელთაც სურთ ტენდერში მონაწილების მიღება; და რომელთაც სადაზღვევო კომპანიაში გახსნილი აქვთ საგარანტიო მომსახურების გენერალური ხაზი." - განმარტავს იგი.

ლიპარტიას საჩივარი შესყიდვების სააგენტოში ვეღარ განიხილეს, რადგან, იგი ტენდერის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, 14 მაისამდე უნდა წარდგენილიყო. განცხადება განუხილველი დარჩა, შესაბამისად, უცნობი დარჩა შესყიდვების სააგენტოს პოზიცია.

ფოტოზე: გელა კაპანაძე და იოსებ მაკრახიძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს

იხ. ამავე თემაზე:

სკრის ცენტრიდან დევნილთა დასახლებამდე ახალი ასფალტი დაიგება

მერეთის თუ სკრის გზა? - გამგეობის პროექტებში სოფლებია არეული


Print

სტატიის გამოყენების პირობები