ახალი ამბები
სამგლედ მოვლილი ძროხები და ცხვრები - მწყემსები მგლის მოკვლის უფლებას ითხოვენ (VIDEO)
გუშინ, დილით, ხვიჩა გაბინაშვილს ფური ნახევრად შეჭმული დახვდა.

სავარაუდოდ, რამდენიმე მგელი, ფერმაში შევიდა და საქონელი გაანადგურა.

მრავალშვილიანი ხვიჩა გაბინაშვილი, რამდენიმე მწყემსთან ერთად, მინდორში თანასოფლელებისგან მიბარებულ საქონელს ინახავს. 

საქონლის ანაზღაურება მას მოუწევს. მგლები კი, ე.წ. საპატარასა და მლაშეთხევის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობს.

ქვახვრელში მცხოვრები ვანო ნუსხელიძე, ასევე, ფერმერია. ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და საკითხის დაყენებას უახლოეს სხდომაზე გეგმავს.

მისი თქმით, აუცილებელია, მწყემსებს მგლის მოკვლის ან იარაღით ნადირის დაშინების უფლება მიეცეთ.

,,უკვე ისე მოდიან ეს მგლები, რომ ადამიანს არც ერიდება. ჩემმა ბიჭმა დაინახა, თუ როგორ შევიდა მგელი ნახირში და დეკეულს წამოუწვა. ატეხა ყვირილი, მერე იმ მგელს ძროხებიც დაეტაკნენ და გააქციეს. ღამით უკვე პირდაპირ სადგომში შედიან" - ამბობს ვანო ნუსხელიძე.

ზურაბ სადაღაშვილს და ლევიტანიდან საზამთროდ დაბინავებულ აზერბაიჯანელ მწყემსებს 50-მდე ცხვარი დაუგლიჯა გარეულმა ცხოველმა. მათი ფერმა საქონლის ფერმისგან თითქმის ერთი კილომეტრითაა მოშორებული.

,,ეხლა ეს ცხვრის ძაღლები მაინც აკავებს მგელს, მაგრამ საზაფხულო საძოვრებზე როცა წავალთ, უარესი მოხდება. მინდორში პირდაპირ ვარდებიან ფარაში და ნახირში, ზოგჯერ სამი ერთად, ზოგჯერ ექვსიც კი, ყოფილა. ზომებია მისაღები" - აცხადებ ზურაბ სადაღაშვილი.








Print

სტატიის გამოყენების პირობები