ახალი ამბები
ზემოთ ასფალტი, ქვემოთ ფეკალი - წამებული გამზირი გორში
ოლია დოლიძემ პატრული გამოიძახა.

ქუჩაზე კი, საკანალიზაციო ჭების თავსახურები საკუთარი ხელით ახადა და მიმავალ მანქანების მძღოლებს მოძრაობის შეწყვეტა სთხოვა.

უკვე მერამენდედ მის სახლში ფეკალური მასები გროვდება.

ეს იმიტომ, რომ ახალდაგებულ ასფალტის ქვეშ არსებული სისტემა ,,იჭედება".

,,წყალმომარაგების კომპანიაში დავრეკე და ესე მითხრეს, ფული გადაიხადეთ და მოვალთო" - ამბობდა ოლია დოლიძე. 

ჭების ახდისას კი, 112-ზე დარეკა და პოლიცია გამოიძახა.

სწორედ, ამის შემდეგ, გახდა იძულებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მისულიყვნენ რამდენიმე საათის შემდეგ.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული ვითარება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამაც შეიტყო და ადგილზე მივიდა.

,,რად გინდოდა ამათი გამოძახება, ეს უფრო გაგიფუჭებს საქმეს" - უთხრა კაკო ხუფენიამ ოლია დოლიძეს.

ქეთევან წამებულის გამზირზე ახალი ასფალტი გასულ წელს დაიგო. ახალი გზა ისე გაიყვანეს, ქვეშ მილები არ გამოცვალეს.

კაკო ხუფენია ამბობს, რომ ქალაქში მთელი სისტემაა შესაცვლელი და ეს კოლოსალურ თანხებს მოითხოვს.

,,ამ შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობას. მილებში იჭედება ტრიაპკები, ნაჭრები, უნდა გაფრთხილდეს ხალხი და აღარ მოხდება სისტემის შეჩერება" - ამბობს ხუფენია.

ამ იდეას ნაწილობრივ ეთანხმებიან დოლიძეები, თუმცა, ამბობენ, რომ გზის მშენებლობის დროს, საკანალიზაციო სისტემა აუცილებლად უნდა გამოეცვალათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები