ახალი ამბები
გორის გამგეობამ მგლებზე სანადიროდ მონადირეები დაიქირავა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მგლებზე სანადიროდ მონადირეები უკვე მოძებნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, მონადირე მამუკა ბერიკაშვილს და მის გუნდს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის მოკვლის ნებართვა მიეცა.

,,ხელშეკრულება უკვე მზად გვაქვს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მას, მხოლოდ, 10 მგლის მოკვლის უფლება აქვს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება." - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისი განმარტებით, მამუკა ბერიკაშვილი ყოფილი მონკავშირის (მონადირეთა კავშირი) წევრია, რომელიც უახლოეს დღეებში, გამგეობაში დანარჩენი მონადირეების საბუთებსაც წარადგენს.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ბარში მგლების გამოჩენა უკავშირდება არა თუ მგლების ბიოლოგიურ გამრავლებას, არამედ ტყეში იმ ცხოველების გადაშენებას, რომელიც მგლების გამოსაკვებადაა საჭირო.

,,ჩემი აზრით, უმჯობესია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყეებში ცხოველების მასიურ ხოცვა-ჟლეტას მიაქციოს ყურადღება. როცა ტყეში არაა საკვები, მგელი ბარში ჩამოდის" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი ინფორმაცია გაავრცელა შინაურ ცხოველებზე მგლების დაცემის შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე იძულებულები არიან მათ ,,ამოსაღებად" მონადირეები დაიქირავოს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები