ახალი ამბები
ხურვალეთში ძუკაანთკარის მავთულხლართებიდან მოწოდებული ლუდი (VIDEO)


ციური ხუროშვილს, ძუკაანთკარელმა ახლობელმა ლუბა დუდაევამ ოსური ლუდი მიაწოდა. ბოთლი, მავთულხლართების ზემოდან, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე ნაკვეთში გადმოაგდო. ამ დღეს ოსები მთავარანგელოზობას, ,,ვასთირჯის" აღნიშნავენ.

მათ სახლებს შორის, მავთულხლართებია, თუმცა, დღესასწაულის მილოცვისთვის, რკინის ღობეებს ხელი არ შეუშლია. ციური ხუროშვილს ძუკაანთკარელებისთვის დახმარება არაერთხელ გაუწევია:

,,ტელეფონით მატყობინებენ ხოლმე, რომ აფთიაქში წამლები ჭირდებათ. ცელოფნის პარკში ჩადებენ რეცეპტს, ხანაც ფულს და ჩემ ბაღში აგდებენ. მეც ვყიდულობ წამლებს და ისევ ცელფონის პარკით ვისვრი იმათ ბაღში" - ამბობს ციური ხუროშვილი.

ოსური ლუდი სტუმრების მისვლისას გახსნა და ოსურ ენაზეც სადღეგრძელო თქვა.

,,ადრე ჩემი შვილი რუსმა სამხედროებმა დაიჭირეს. ჯარიმა იყო გადასახდელი ვითომ საზღვრის დარღვევის გამო. მთელმა სოფელმა ააგროვა თანხა. იქაც გადაიხადეს და აქაც გამომიგზავნეს ფული. ბევრის მეჯვარეა იქით" - ამბობს ციური ხუროშვილი.

მავთულხლართებთან ახლოს ცხოვრობს ქეთევან ფიცხელაურიც. მას გუცაევების ბაღიდან ტრაქტორის ხმა შემოესმა. ნაკვეთში ასაკიანი კაცი მიწას ტრაქტორით ამუშავებდა.

,,ეს კაცი ცნობილი ფეხბურთელის, ვოვა გუცაევის ბიძაშვილია, გურამ გუცაევი. აქ ცხოვრობენ ის ქართველი ოჯახებიც, რომლებიც პენსიას ჩვენს ბანკში იღებენ. ხშირად, ახერხებენ გადმოპარვას და პენსიის აღებას" - ამბობს ქეთევან ფიცხელაური.


ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი


Print

სტატიის გამოყენების პირობები