ახალი ამბები
ტინისხიდში კერამიკულ სარკოფაგში მელიამ სორო გაიკეთა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სარკოფაგის ფრაგმენტები იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ფიქალით ნაგები სამარხი დაზიანებული იყო მელიის სოროსაგან.

ახალი აღმოჩენა სოფ. ტინისხიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადგილ ,,გრძელეებში“, სოფლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში მდებარეობს.

სოროდან გადმოყრილ მიწაში აღმოჩნდა კერამიკული სარკოფაგის სახურავის ფრაგმენტი.

სამარხი ადგილზე მოინახულეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, ისტორიის დოქტორმა, არქეოლოგმა გიორგი მინდიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ავაზნელმა.

მათი აზრით, ის გარემოება, რომ მსგავსი ნიშნები სამარხის გვერდზეც ჩანს, მიუთითებს ამ ადგილას სამაროვანის არსებობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, განვითარებულ ფეოდალურ ხანას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩანს ადრეფეოდალური ხანის ელემენტებიც.

აღნიშნული ადგილის სიახლოვეს ადრეც აღმოჩნდა ფეოდალური ხანის ნასოფლარი, შენობათა საძირკვლის ფრაგმენტები, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ქვევრებისა და თონეების ფრაგმენტები და სხვ.










Print

სტატიის გამოყენების პირობები