ახალი ამბები
,,გორი სიტის" მანქანები - ფასიანი სასაფლაო (ფოტორეპორტაჟი)
კომპანია ,,გორი სიტი" ფასიანი ავტოსადგომია.

იქ, პატრულის მითითებით, ყველა ის მანქანა მიჰყავთ, რომელიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას ზიანდება.

კომპანიის წარმომადგენლებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომანქანის მძღოლი, ავარიისას თუ გადარჩა, ვალდებულია პატრულის მითითება შეასრულოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ,,გორი სიტის" შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები უცნობია.

ადვოკატების თქმით, ეს კაბალური ხელშეკრულებაა, რაც ავტომანქანის მეპატრონეებს და დაზარალებულების ნათესავებს, ძვირი უჯდებათ.

რადგან, გამოძიების დასრულებამდე სადგომიდან მანქანის გაყვანის უფლება არავის აქვს.

თანხის ანაზღაურება კი, სატრანსპორტო საშუალების დაყენებიდან ითვლება - პატარა მანქანის მოთავსება, დღე-ღამით, 5 ლარი ღირს.

,,ზოგჯერ, გამოძიება თვეობით და წლობით გრძელდება. წარმოიდგინეთ, რა თანხის გადახდაზე იქნება საუბარი. ამიტომ, ურჩევნიათ, მეპატრონეებს ადგილზე დატოვონ მანქანები და აღარ წაიყვანონ" - აცხადებენ ის ადვოკატები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებისას ამა თუ იმ პიროვნების ინტერესებს წარმოადგენენ.

ავარიებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია.

2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით,2016 წელს რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები