ახალი ამბები
გორის გვირაბთან მომხდარ ავარიას შეწირული პოლიციელები
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი ხდება იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც, გორის გვირაბთან მომხდარ ავარიის საქმესთან დაკავშირებით, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ესენია, საპატრულო პოლიციის პირველი სახაზო განყოფილების უფროსი მერაბ ძაბირაძე და ამავე სახაზო განყოფილების თანამშრომელი ზურაბ რუსიშვილი.

მერაბ ძაბირაძე შიდა ქართლში აჭარის მთავარი სამმართველოდან იყო გადმოსული.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

თუმცა, გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.

ჩვენს მიერ დასახელებული პიროვნებების შესახებ, პრეს-სამსახური ამბობს, რომ შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისგან, დადასტურების ან უარყოფის თაობაზე, კომენტარის გაკეთების უფლება არ მიუღია.

შეგახსენებთ, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან, პატრულის დევნის დროს, ,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა გზაზე სპეციალურად გადახერგილ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როტაცია, სავარაუდოდ, შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოსაც შეეხება, რომლის ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილია.

პრეს-სამსახურს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის სავარაუდო გათავისუფლების შესახებაც, არ აწვდიან ინფორმაციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები