ახალი ამბები
გადამყიდველებთან ბალი სულ სხვაა - 300%-იანი წაგება გლეხებისთვის
ქალბატონი ნათელა სოფელ რუისიდან გორის ბაზარზე დილის 7 საათზე ჩავიდა.

ამბობს, რომ ეჩქარება, შინ ავადმყოფი მეუღლე ელოდება და დაბრუნებისას წამლებიც უნდა იყიდოს.

ორ-ორი ვედრო ბალი და მარწყვი გასაყიდად ბაზრის გარეთ, ტროტუარზე, დადგა.

ვაჭრები მივიდნენ, მაგრამ შინ მოყვანილი პროდუქტი ერთ ლარად არ მისცა.

ამბობს, რომ შუადღემდე გაჩერდება, რადგან მისი ტრანსპორტი ცოტა გვიან გადის.

სხვები ასე არ მოიქცნენ. ჩააბარეს ხილი 1 ლარად და იმავე ავტობუსით დაბრუნდნენ სახლში, რითიც ჩამოვიდნენ ბაზარში.



,,რა ღირს ქალბატონო ბალი?" - ჰკითხა მოქალაქემ, რომელიც, სავარაუდოდ, დილით ადრე, სპეციალურად გლეხებისგან ხილის საყიდლად, გავიდა.

,,ბალიც ორი ლარი და მარწყვიც" - უპასუხა მან, რომელიც გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან იყო.

,,ვერ დააკლებთ?" - მიუგო მოქალაქემ.

,,რაღა დავაკლო შვილო, ისედაც დაკლებული არაა"

მოქალაქემ თავი შეიკავა ყიდვისას და ბაზრისკენ წავიდა.

ბაზარში ბალიც და მარწყვიც, ერთი კილოგრამის ფასი 4 ლარია. ვინც ბევრს ყიდულობს, მეტი ალბათობით 0,50 ლარით ნაკლებად აძლევენ.







გორის რაიონის ზემო მხარის სოფლებიდან ბალი ნაკლებად მოაქვთ. ეს სახეობის ხილი, ძირითადად, რაიონის ქვემო მხარეს, სკრის თემში მოდის.

მიმდინარე წელს, ყინვამ გაანადგურა ბლის კვირტები.

ამიტომ, რაც გადარჩა, შედარებით მცირე ზომისაა.

,,როგორ ვიყიდო ორ ლარად აქაური ბალი, როცა კახეთიდან უკეთესი ხარისხის ჩამოდის" - გვითხრეს ვაჭრებმა.

,,თქვენ, შემდეგ, რამდენად ყიდით აქაურ ბალს?" - ვკითხეთ ვაჭრებს

,,ორ ლარად" - გვიპასუხეს.

,,შვილი, ეგენი იტყუებიან, შედი აბა ბაზარში, ნახე მერე რა ფასად ჰყიდიან ბალს" - გვითხრა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ქალბატონმა რომელიც გვერდით ცხვრის ყველს ყიდიდა.

ბაზარში, როგორც აღვნიშნეთ, კილოგრამი 4 ლარი დააფასეს.

,,კაი, არ მინდა, აგერ გარეთ 2 ლარად ვიყიდი" - ვუპასუხე მოვაჭრეს.

,,სამნახევრად წაიღე, შვილო, სადღა მიდიხარ" - არ დააყოვნა რეაქციამაც.

გამოვედი გარეთ და ის ქალი, რომელიც 2 ლარად გარეთ ჰყიდიდა ბალსა და მარწყვს, ადგილზე აღარ იყო.

,,რა ქნა, გაყიდა ბალი?" - ვკითხე იმ აზერბაიჯანელს ქალს, რომელიც ცხვრის ყველს ჰყიდიდა.

,,კი, მისცა ვაჭრებს 1,30 ლარად" - მიპასუხა მან.

ვაჭრებს გავხედე, ისინი, ძირითადად, ერთად მოძრაობენ. ერთად თანხმდებიან შესათავაზებელ ფასზე.





Print

სტატიის გამოყენების პირობები