ახალი ამბები
GCA: ცემენტის 25 მწარმოებლის პროდუქტიდან ევროსტანდარტებს 14 არ აკმაყოფილებს
კომპანია ,,საქექსპერტიზამ", რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატის შვილობილი კომპანიაა, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული, 25 ტომარა ცემენტი ფარულად შეისყიდა.

საქართველოს ცემენტის ასოციაციის (GCA) დაკვეთით, შეძენილი ტომრებიდან, ,,საქექსპერტიზამ" 5-5 სინჯი აიღო.

თითო სინჯი დალუქა, მიანიჭეს კოდი და ნუმერაცია, რის შემდეგაც შესამოწმებლად სხვადასხვა ლაბორატორიებში გაგზავნეს.

მიღებული პასუხებით გაირკვა, რომ ევროპული, EN სტანდარტის ზღვარი, მხოლოდ, 8 სინჯმა გადალახა. 

ადგილობრივი წარმოების სხვა, 14-მა პროდუქციამ ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა სომხური და ირანული ეტიკეტით შეფუთული დანარჩენი სამი ტომრის სინჯები.

ინფორმაცია, ტესტირების შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ცემენტის ასოციაციიდან მიაწოდეს.

ასოციაციის წარმომადგენლის ცნობით, თითოეული სინჯი დალუქული იყო, მათი მწარმოების ვინაობა ლაბორატორიებისთვის უცნობი იყო. 

,,აღებული ხუთი სინჯიდან ერთი სინჯი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიას გაეგზავნა, დანარჩენი სამი კი, ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიების შემმოწმებელ ლაბორატორიებს. სინჯების მეხუთე ნიმუში შენახულია. საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ტესტირების მიზნით." - აღნიშნავს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენელი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები