ახალი ამბები
ქლიავის, ბალის, ალუბალის, მსხლისა და ლობიოს წარმოებაში შიდა ქართლი წამყვან პოზიციას ინარჩუნებს
ხილის უმეტესი სახეების წარმოების მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონი პირველ ადგილზეა ქვეყანაში.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტშია (,,შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წწ) აღნიშნული.

ექსპერტებმა, სტრატეგიის შემუშავებამდე, ბოლო 7 წლის მონაცემების ანალიზი გააკეთეს.

მიუხედავად ვაშლის მოსავლის შემცირებისა 2007 წელთან შედარებით, და სხვადასხვა წლებში მოსავლიანობის მკვეთრი ფლუქტუაციისა, რეგიონი მაინც სრულად დომინირებს ქვეყნის მასშტაბით.

აქ მოწეული მოსავალი რამდენიმეჯერ აღემატება სამცხე-ჯავახეთის (6-ჯერ), იმერეთის (21-ჯერ), ქვემო ქართლისა (16-ჯერ) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (18-ჯერ) ვაშლის წარმოების მონაცემებს.

მსხლის წარმოების მიხედვით, 2011 წელს შიდა ქართლმა გაასწრო ტრადიციულ ლიდერს - სამეგრელოს, რომელსაც 2006-2010 წლებში წამყვანი ადგილი ეკავა და 2011 წლის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონი უკვე პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის მასშტაბით.

ქლიავის წარმოების მიხედვით შიდა ქართლის რეგიონი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს ქვეყანაში პირველ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მაჩვენებლებთან შედარებით წარმოების მოცულობა შემცირებულია .

შიდა ქართლის რეგიონი ბლისა და ალუბლის წარმოების მიხედვით 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურად იკავებს ასევე პირველ ადგილს და წარმოების მოცულობით 12-ჯერ აღემატება აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმოებას, ხოლო 4-ჯერ - იმერეთისა და ქვემო ქართლის წარმოებას.

2009 წლის შემდეგ შიდა ქართლი ატმის წარმოებით ქვეყნის მასშტაბით სტაბილურად იკავებს მე-2 ადგილს და ის მხოლოდ კახეთს ჩამოუვარდება.

შიდა ქართლისათვის ასევე პრიორიტეტულია მარცვლეული კულტურების - ხორბლისა და ქერის წარმოება. 2011 წლის შემდეგ, ნათესი ფართობის მიხედვით რეგიონი მე-2 ადგილზეა ქვეყანაში ორივე კულტურის წარმოების მიხედვით (ხორბალი დათესილია 12,900 ჰა-ზე, ქერი კი - 4,900 ჰა-ზე).

აღსანიშნავია, რომ ხორბლის მოხმარება სტაბილურად მზარდია, თუმცა ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნის დიდ ნაწილს და, როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემთხვევაში, ყოველწლიურად ხორციელდება 550-800 ათასი ტონის იმპორტი ხორბლის ან ფქვილის სახით.

,,ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ განხორციელებული იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ წარმოებას, ამასთან ადგილობრივი სათესლე მასალა მცირე რაოდენობით იწარმოება; მაღალია დანაკარგები და სახეზეა დაბალხარისხიანი ხორბლის წარმოების დიდი მოცულობა." - აღნიშნულია სტრატეგიაში.

კაკლის წარმოებით რეგიონი მე-2 ადგილზეა, ხოლო ყურძნის წარმოებით - მე-4 ადგილზე.

შიდა ქართლს მე-2 ადგილი უკავია ბოსტნეულის ნათესი ფართობის მიხედვით, ხოლო ლობიოს ნათესი ფართობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს 

ტრადიციულად, შიდა ქართლის რეგიონი ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ქვემო ქართლისა და კახეთის შემდეგ. აქ იწარმოება შემდეგი ბოსტნეული კულტურები:

კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ნიორი, სატაცური, წიწაკა, ბადრიჯანი და ა.შ. შესანიშნავი აგროკლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგები, აგრეთვე სხვა რეგიონებთან შედარებით სარწყავი მიწების დიდი ფართობი განაპირობებს სოფლის მეურნეობის ამ სფეროს დიდ პოტენციალს.

,,სასათბურე მეურნეობების სიმცირე და დაბალი რენტაბელობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში შიდა ბაზრის მომარაგებას ბოსტნეულით, და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება იმპორტი." - განმარტავენ სტრატეგიის შემდგენელი ექსპერტები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები