ახალი ამბები
სურამი გუშინ და დღეს - მობილური რეპორტიორები (PHOTO/VIDEO)
დაბა სურამში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.

ადგილობრივები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდიან.

ამჯერად, სტიქია, უხვმა ნალექის შედეგად, მთის ფერდობებიდან წამოსულმა ნიაღვარმა გამოიწვია.

ადგილობრივების ცნობით, მდინარე სურამულა კალაპოტიდან თითქმის არ გადასულა.

მოსახლეობის დიდ ნაწილი გამაგრებულმა ჯებირებმა დაიცვა.

სამაგიეროდ, ზარალი იმ ოჯახებშია დიდი, სადაც ნიაღვარი შევიდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება:

,,დღეს დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომელშიც პირადად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისისა“ და „სავანეს“ წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ სამაშველო სამსახურის, მელიორაციის სამმართველოსა და „Black Sea Goup”-ის წარმომადგენლები, მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის სამუშაოები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები და სავარაუდო ზარალის ოდენობა ხვალ, დღის მეორე ნახევრისთვის გახდება ცნობილი.

10 ივნისს მომხდარმა სტიქიამ პრობლემები შეიქმნა დაბა სურამში, სადაც სურამულას ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები.

ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა.

ქვიშხეთში წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა, რასაც ნაპირსამაგრი კედლების დაზიანება მოჰყვა. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მდინარე ტილიანას ადიდებას სოფელ ქემფერში მსხვერპლი მოჰყვა.

45 წლის მამაკაცი, რომელიც საქონელს შინისკენ მიერეკებოდა, მდინარემ გაიტაცა. მდინარის მიერ გატაცებული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და დაახლოებით ღამის 2 საათზე სამაშველო სამსახურმა იგი გარდაცვლილი იპოვა."


















Print

სტატიის გამოყენების პირობები