ახალი ამბები
ძამას ხეობაში რამდენიმე ადგილზე ნაპირსამაგრები დაზიანდა
მდინარე ძამას ხეობაში, უხვი ნალექის მიუხედავად, 10 ივნისის ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მცირე პრობლემებისა, ხეობაში მდგომარეობა სტაბილურია.

,,ყველაზე უფრო მეტად, წინა დღეებში მოსულმა ნალექმა გამოიწვია პრობლემები. გუშინ, სერიოზული არაფერი ყოფილა" - გვითხრა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

წინა დღეებში კი, კერძოდ, ივნისის დასაწყისში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებთან: სუქანაანთუბანსა და ორთუბანის ტერიტორიაზე, ნაპირსამაგრი ნაგებობები დაზიანდა.

სპეცტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, ექსკავატორს ძრავის ღვედი და ღვედის დამჭიმი დაუზიანდა.

,,მიმდინარე წლის 7 ივნისს, ექსკავატორი აწარმოებდა სამუშაოებს მდინარე ძამის ხეობაში. კერძოდ, ნიაღვარმა დააზიანა ნაპირსამაგრი, რის გამოც სოფელს შეექმნა ნიაღვრის საშიშროება. სწორედ, ამ გაწმენდითი სამუშაოებისას დაზიანდა ტექნიკა" - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი ზვიად იმერლიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები