ახალი ამბები
მადლენ ოლბრაიტი სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გორში იმყოფებოდა.

ამის ამსახველ ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი კატო ქოთოლაშვილი აქვეყნებს.

ფოტოს მიხედვით, ოლბრაიტმა საბჭოთა ბელადის, სტალინის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე მადლენ ოლბრაიტი, 64-ე სახელმწიფო მდივნად 1997-2001 წლებში მუშაობდა.

ის პირველი ქალი მდივანი იყო ამერიკის ისტორიაში. ამჟამად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, მადლენ ოლბრაიტის ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება.

ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები საქართველოში 11-დან 15 ივნისამდე დარჩებიან.

დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და დიპლომატებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები