ახალი ამბები
დღეს გორის თეატრში გიორგი ერისთავის პიესები გაცოცხლდება
გორში, დღეს, კომედიის ფესტივალზე, გიორგი ერისთავის დაწერილი პიესების მიხედვით, ,,ძუნწი" და ,,უჩინმაჩინის ქუდი" დაიდგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მაყურებლის წინაშე,  ,,ილიაუნის" (ილიას სახელობის უნივერსიტეტის) თეატრის დასი წარსდგება.

სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება.

,,ძუნწი" ჯერ კიდევ 1850 წელს დაიდგა. მთავარი მოქმედი გმირი, კარაპეტა დაბაღოვი ვაჭარია. 

ერისთავის მიხედვით, ვაჭრები ცხოვრების ასპარეზზე ცარიელი ჯიბით გამოდიან, სამაგიეროდ მათ აქვთ ცხოვრების ალღო და მოქმედების უნარი. ისინი იტანენ შიმშილსა და სიცივეს, დაცინვასა და წყრომას, ოღონდ კაპიკი კაპიკს მიუმატონ. იციან, რომ მათი მხსნელი მხოლოდ ფულია, ფულის საშუალებით შეუძლიათ გამოჩნდნენ საზოგადოებაში და ადვილად აღარ დაეჩაგვრინონ სხვას.

კარაპეტა წინააღმდეგია თავისი ქალი მისცეს ქართველ თავადს, ის ხელს უშლის ხამფერასა და არჩილის დაქორწინებას.

კარაპეტას თვალში დიდი და კარგი კაცია ის, ვისაც ფული აქვს და ვინც ფულის ყადრი იცის; ხოლო ქართველი თავადი, მისი თქმით, ”ფულის მტერია, ფულს არ დააყენებს ჯიბეში, როგორც ნიორი ისე აუყროლდება და ისე გადაყრის”.

საიქიოშიც ფულს ელოდება. სიკვდილი აწუხებს იმიტომ, რომ ფულის ბედი ადარდებს. მაგრამ აქაც ნახა ”გამოსავალი”: როცა ექიმი ეტყვის, სიკვდილი მოახლოებულიაო, გადაწყვეტილი აქვს გაადნოს თავისი ოქრო და დალიოს, რათა ”ვერავინ წაიღოს”.
Print

სტატიის გამოყენების პირობები