ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ქალაქ გორში, ახალგაზრდების 56%
თეატრში არ დადის.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მეცხრე საჯარო სკოლის წარმომადგენლები
ავრცელებენ.
პროექტის ,,სკოლა და თეატრის" ფარგლებში გამოკითხვა ქალაქის მასშტაბით
ჩატარდა.
„ჩვენი გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდების 56% არ დადის
თეატრში. ყველამ ვიცით, რომ ხელოვნების აღნიშნული დარგი ხელს უწყობს
ადამიანის ცნობიერების განვითარებას. თეატრის აღმზრდელობითი
ფუნქციიდან გამომდინარე გორის მერიასთან ერთად დავგეგმეთ პროექტი,
რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაცია.“ - აღნიშნა
პროექტ „სკოლა და თეატრის“ ავტორმა ნათია მაკრახიძე.
ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაციის იდეას მერია მხარს უჭერს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი
ორგანო, მესამე წელია, მოსწავლე - ახალგაზრდებისთვის
საინტერესო სკოლისგარეშე, არაფორმალური აქტივობების თანადაფინანსებას
უზრუნველყოფს.
„სკოლა და თეატრი“ ერთ-ერთი მორიგი პროექტია, რომელიც გორის მე-9
საჯარო სკოლამ განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის
ფარგლებში განახორციელა.“ - განაცხადა გორის მერიის განათლების
განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თეატრალურ ხელოვნებასა და ისტორიას
ეცნობიან.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს სპექტაკლების განხილვა-დისკუსიებში
მონაწილეობის შესაძლებლობაც მისცა.
გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების
პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 35 000 ლარია გათვალისწინებული.
პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 4 პროექტი.
სტატიის გამოყენების პირობები