ახალი ამბები
დღეს ,,კომედიის ფესტივალს" რუსთაველის თეატრის დასი დახურავს
,,კომედიის ფესტივალი" დღეს გორის თეატრში საზეიმოდ დაიხურება.

ამ დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, გორს რუსთაველის თეატრის დასი ეწვევა.

მსახიობები სპექტაკლით ,,სულიერი არსებები" გორელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.

ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სულიერი არსებები”, აერთიანებს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ადამიანის პირადი სამყარო, პირადი სიამოვნებები, ოჯახი, მეგობრობა, ღალატი, რელიგია, ქართველი ხალხის მენტალიტეტი.

,,ეს ყველაფერი გადმოცემულია ორი ოჯახის ცხოვრების მაგალითზე, რომელთა დაპირისპირებაც თაობიდან თაობაზე გადადის. ყველაფერი თავდაყირაა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ხოლმე გამოსავალი. ამ შემთხვევაში კი ამოსავალი წერტილი მოსისხლე მტრების შვილების სიყვარულია" - წერს თეატრმცოდნე მაკო გოჩაშვილი.

,,ვიდრე სპექტაკლი გაიმართება, მანამდე თეატრის ეზოში საზეიმო ღონისძიებება მოეწყობა"  გვითხრა თეატრის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა.

,,კომედიის ფესტივალი" გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში 4 ივნისს დაიწყო.

ორი კვირის განმავლობაში, ფესტივალში მონაწილეობას რეგიონული 7, დედაქალაქის 7, ასევე, კიევისა და ინდონეზიის თეატრების წარმომადგენლები იღებდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები