ახალი ამბები
ცხინვალის საავადმყოფოში ენტეროვირუსით 14 ბავშვი მიიყვანეს
ერთი კვირის განმავლობაში, ცხინვალის საავადმყოფოში, ენტეროვირუსული ინფექციით დაავადებული 14 ბავშვი მიიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, 9 ბავშვი სტაციონარში მოათავსეს.

ხუთ ბავშვს კი, ამბულატორიული მკურნალობა დაუნიშნეს.

ცხინვალის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, აგუნდა ჯიოევა ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს წარმოებას იწყებენ.

,,კარანტინის გამოცხადება არაა აუცილებელი, იმიტომ, რომ ინფექცია არაა დიდი, თუმცა, იმ საბავშვო ბაღებში, სადაც დაავადებული ბავშვები დადიოდნენ, დეზინფექცია ჩატარდება" - აცხადებს აგუნდა ჯიოევა.

ცხინვალის საავადმყოფოს ექიმის, ვარვარა კოზაევას განცხადებით, ბავშვებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და ხველა, გამონაყარი ხელებზე და ფეხებზე, არის შემთხვევები მუცელზეც" - ამბობს კოზაევა.

ინფექციონისტ ლალი აფხაზავას ცნობით, წარმოუდგენლად პაწაწინა ენტეროვირუსს შეუძლია, განუზომლად დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს.

მისი თქმით, ბაქტერიებისგან განსხვავებით, ვირუსები წლობით ცოცხლობენ გარემოში. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მით უფრო შემაშფოთებელია პროგნოზი.

,,ავადობა პიკს ზაფხულში და შემოდგომაზე აღწევს. ენტეროვირუსი, ისევე როგორც გრიპის ვირუსი, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვების, წყლის მეშვეობით, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო, ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებისთვის ვირუსით დაბინძურებული ნერწყვის ერთი წვეთიც საკმარისია. ორგანიზმის მიერ მისი მიმღებლობა ძალიან მაღალია. ბავშვისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელების საპნით დაბანა ტუალეტიდან გამოსვლის, გასეირნების შემდეგ, ჭამის წინ. დაუბანელი ხელით არ შეეხოთ ცხვირის, თვალის, პირის ლორწოვან გარსებს - სწორედ აქედან შეიძლება გავრცელდეს ვირუსი ორგანიზმში" - აცხადებს ლალი აფხაზავა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები