ახალი ამბები
,,როცა კონფლიქტებს აშუქებ" - ლექცია სემინარი გორის უნივერსიტეტში (VIDEO)
გორის უნივერსიტეტში გამართული დღევანდელი შეხვედრა ყალბი ამბებისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) პარტნიორობით, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს აცნობს, რაც ონლაინ მედიის მოხმარებას ახლავს.

ლექცია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა საქართველოში ბექა ბაჯელიძემ გახსნა და ორგანიზაციის მისიაზეც ისაუბრა.

დამსწრე სტუდენტებმა, რომელთა შორის უმრავლესობას ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები წარმოადგენდნენ, ევროკავშირის პრიზზეც მიიღეს ინფორმაცია. კონკურსი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 3 მაისს გამოცხადდა და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ლექციის პირველ ნაწილს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ნათია კუპრაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ყალბი ახალი ამბების, იგივე Fake News -ს მომრავლებასა და მისი გავრცელების მიზნებზე ისაუბრა.

აუდიტორიამ ქართულ მედიაში გავრცელებული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების მაგალითებიც ნახა და საკუთარი მოსაზრებებიც გამოხატა.

ნათია კუპრაშვილის თქმით,  არაკვალიფიციური ჟურნალისტები გადაუმოწმებელ ინფორმაციას არაპროფესიონალიზმის გამო ავრცელებენ, ხშირად კი, ზოგიერთი მედია განზრახ ცდილობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

ღია ლექცია IWPR-ის რედაქტორის, ასევე ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების ტრენერის მოხსენებით გაგრძელდა.



გიორგი კუპატაძის განმარტებით, ციფრული კომუნიკაციისას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პირადი ინფორმაციისა და მონაცემების, ასევე მათი წყაროების დაცვას.

,, გამოუცდელი ჟურნალისტები ხშირად აყენებენ საკუთარ თავს არასაჭირო რისკებისა და წნეხის ქვეშ, რადგან გაუაზრებლად ტოვებენ ასობით ციფრულ კვალს. პირადი ინფორმაციის დაცვის გარეშე შეუძლებელია ეთიკურმა ჟურნალისტმა თავისი პროფესიული მისია სრულფასოვნად შეასრულოს.“ - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ლექციის დასასრულს სტუდენტები ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რაზეც სიღრმისეულად არასდროს დაფიქრებულან. მათი თქმით, ლექციაზე განხილული საკითხები სხვა პროფესიის ადამიანებმაც და, ზოგადად, ყველა ინტერნეტ მომხმარებელმა უნდა იცოდეს.

შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. ლექციის მიმდინარეობას ევროკავშირის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც აქცენტები განხილული საკითხების მნიშვნელობაზე გააკეთა.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი მსგავსი სახის საჯარო ლექციების მოწყობას გორის შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, IWPR მალე სახელმძღვანელოს გამოსცემს. წიგნში საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ როგორ გავაშუქოთ კონფლიქტები და რა არის სამშვოდობო ჟურნალისტიკა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, გორშიც ჩაიტანენ.





ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები