ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ მტკვარზე ელექტროშოკით თევზაობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქე ც.მ, აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით, ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა, რითიც მან დაარღვია თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი.

მოქალაქეს თევზჭერის შედეგად მოპოვებული ჰქონდა 550 გრამი ხრამულის სახეობის თევზი.

შედგა შესაბამისი აქტი. მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა თევზჭერის აკრძალული საშუალებები - ე.წ. ჩოგან-ბადე, ელექტროშოკური აპარატი, ასევე, აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები