ახალი ამბები
გორის 6 უბნისთვის გამოყოფილ თანხას არასამთავრობო სექტორი მონიტორინგს გაუწევს
როგორ მოვახდინოთ სამოქალაქო ბიუჯეტის მონიტორინგი?

2018 წლიდან, ქალაქ გორის სხვადასხვა უბანზე, მოქალაქეთა გაერთიანებები, ჯამში, 900 000 ლარის ხარჯვის გადაწყვეტილებას, კრებებზე მიიღებს.

ეს პროცესი, რომელსაც ,,სამოქალაო ბიუჯეტის" პროგრამა ჰქვია, 2017 წლიდან დაინერგა.

ქალაქი გორი 6 ზონადაა დაყოფილი, თითოეულ ზონას 150 000 ლარი შეხვდება.


აქედან 120 000 ლარით ერთი დიდი პროექტი დაფინანსდება. დანარჩენი 30 000 ლარით კი, 3 პატარა პროექტი განხორციელდება.

სწორედ, ამ თანხის მონიტორინგის განხორციელების კუთხით, ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, 22 ივნისს, სამოქალაქო ბიუჯეტის მონიტორინგის გეგმაზე ერთად იმუშავეს.

ტრენინგზე მოქალაქეთა ჩართულობის სამართლებრივი საფუძვლები, მონიტორინგის არსი და მისი რეალიზაციის მეთოდები განიხილეს.

მონაწილეებმა რეალური ფაქტების განხილვით სიმულაციურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა და კონკრეტულ პრობლემაზე დაკვირვებით მონიტორინგის განხორციელების ეტაპები წარმოადგინეს.

ტრენინგს ორგანიზაცია ქართლოსის“ წარმომადგენელი ლევან გეგეშიძე უძღვებოდა.

მისი თქმით, ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის. ინფორმირებული საზოგადოების მხრიდან ინტენსიური დაკვირვება კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ტრენინგი პროექტის ,,სამოქალაქო ბიუჯეტების განვითარება, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერების ელემენტი" ფარგლებში მიმდინარეობდა.

დღესვე ტრენინგის მონაწილეებმა ბიუჯეტის მონიტორინგის გეგმა შეიმუშავეს და შემდგომი მუშაობისთვის მზა მასალას საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის, ,,დემოკრატიის ხელშეწყობა" ფარგლებში ხორციელდება.



ავტორი: ნინო ჩიბჩიური


Print

სტატიის გამოყენების პირობები