ახალი ამბები
ხაშურში სტიქიისთვის გამოყოფილი მილიონამდე ლარი გადაანაწილეს
ხაშურის საკრებულომ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის ხარჯვის პროექტი წარადგინა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს.

საკრებულოს წარმომადგენლის ცნობით, 915 ათასი ლარი გადანაწილდება, უმეტესად, დაბა სურამის, ხოლო, დანარჩენი თანხა ხაშურში, მიწობსა და ქვიშხეთში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

მთვარობის მიერ გამოყოფილი თანხით გათვალისწინებულია შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები:

დაბა სურამში, რუსთაველის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების მოასფალტება;

9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ სანიაღვრე არხის გაწმენდა და დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება;

26 მაისის ქუჩის მიმდებარე დამცავი კედლის და პერანგის მოწყობა;

ნინოშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;

კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;

ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში გზების რეაბილიტაცია (მოხრეშვა-მოასფალტება);

სოფელ მიწობში სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფელ ქვიშხეთში დაზიანებული გაბიონის აღდგენა და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა;

პავლაძეების უბანში ხიდის მოწყობა, აგრეთვე დაზიანებული წყლის ქსელისა და სადრენაჟე სისტემის შეცვლა;

ქ. ხაშურში ბექაურის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია;

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი სახლის N62 სახურავის რეაბილიტაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები