ახალი ამბები
ოსი მწერალი ნაფი ჯუსოითი გარდაიცვალა
ოსი მწერალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ნაწარმოები თარგმნა, დღეს გარდაიცვალა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების გამო, მწუხარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოსური ენის ცენტრის თანამშრომლებმა უკვე გამოხატეს.

სახალხო მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი, ლიტერატურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი 92-წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის დაიბადა 1925 წელს, 27 თებერვალს ჯავის რაიონში, სოფელ ხარდისარში.

ის-ის იყო დაამთავრა საშუალო სკოლა, რომ დაიწყო ომი და იგი მოხალისედ წავიდა ფრონტზე.

1945 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ ოსეთის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.

დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია ხოლო 1968 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია. იგი 400-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორია.

ნაფი ჯუსოითი - მრავალი პოეტური კრებულისა ავტორია. მრავალ ენაზეა თარგმნილი ნაფი ჯუსოითის თხზულებები, მათ შორის ქართულ ენაზე.

სულ ახლახან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა მისი ლექსების ორენოვანი კრებული (წიგნის მთავარი რედაქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო პოპიაშვილი, შემდგენელი - ნაირა ბეპიევი).

უამრავ თარგმანთან ერთად შესანიშნავად თარგმნა ქართველი კლასიკოსების: დ. გურამიშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძისა და სხვათა უკვდავი ნაწარმოებები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები