ახალი ამბები
შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება
გორში, ქარელსა და ხაშურში ,,ოკუპაციის მუზეუმები" გაიხსნება.

ამის თაობაზე სამოქალაქო სექტორს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღუთქვა.

ეს ინიციატივა გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრის დროს, დღეს, კასპში, ოკუპაციის მუზეუმში განიხილეს.

,,მე გთავაზობთ, რომ ივლისის თვეშივე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია პროექტის სახით, შიდა ქართლის რაიონული ცენტრები ავიღოთ და კასპის მუზეუმის მოდელზე სასწრაფოდ დავიწყოთ დანარჩენების გაკეთება. როცა ამას ვამბობ, ბუნებრივია ამ იდეის უკან დგას ხელშეწყობაც, ფინასნსებიც და ა.შ. გავაკეთოთ ოკუპაციის მუზეუმები, ოკუპაციის გარშემო“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ ახალგაზრდებს პროექტის ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებში შეხვდა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

მან ღია ლექცია საქართველოს უახლოესი ისტორიის ეკონომიკის მიმოხილვით დაიწყო და ე.წ. ანაბრების მაგალითზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კაპიტალის დაგროვების პირველი მცდელობები გაიხსენა.

მთავარი აქცენტები კი, მოხსენებისას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებასა და მათთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

პროექტის ფარგლებში, კასპის მუზეუმმა მსგავსი ტიპის სულ 9 შეხვედრას უმასპინძლა. მინისტრებმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა აუდიტორიას  ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტს,  ,,არა ოკუპაციას“ ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ ოთხი თვის განმავლობაში ახორციელებდა. მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის გაგრძელების აუცილებლობა არსებობს. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები