ახალი ამბები
შიდა ქართლიდან 15 მოსწავლე აჭარის ეკობანაკში წაიყვანეს
„გახდი მწვანე მოქალაქე“ - ასე ქვია ეკობანაკს, სადაც შიდა ქართლიდან 15 მოსწავლე 4 დღის განმავლობაში დაასვენეს.

მათ შორის იყვნენ მოზარდები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან და კარალეთის დევნილთა დაასახლებიდან.

ეკობანაკის ფარგლებში მოსწავლეებისათვის მტირალას ეროვნულ პარკში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. საღამოს საათებში კი, არაფორმალური და შემოქმედებითი ღონისძიებები გამართეს.

ვორქშოფის შემდეგაც მოზარდებს საკუთარი შთაბეჭდილებები ჩანახატის სახით უნდა გადმოეცათ. ზოგიერთმა მათგანმა ზღვა პირველად ნახა და განსაკუთრებული ემოციებით სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ.

,,აჭარას პირველად ვესტუმრე. საოცარი გარემოა ჩვენს გარშემო. როდესაც ბოტანიკურ ბაღში შევაბიჯე, თავი სულ სხვა სამყაროში ვიგრძენი. ამ დროს უფრო მეტად მგრძნობიარე ხდები ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში და უფრო მეტად გსურს რომ მოუფრთხილდე ბუნებას. ბანაკში გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ერთერთ ლამაზ ფურცელზე დაიწერება, რომელსაც მუდამ უბის წიგნაკივით ვატარებ. სამყაროს მშვენიერებას სწორედ ჩვენი თაობა შეუნარჩუნებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად შევქმნით უკეთეს გარემოს.“-ამბობს 15 წლის ნინი აბუაშვილი.
ორგანიზატორების თქმით, ბანაკის მიზანი, აქტივობებეში მოზარდთა აქტიური ჩართულობა და მათი ცნობიერების დონის ამაღლება იყო ეკოლოგიასა და ბუნებისდაცვით საკითხებზე.

,,ეკობანაკში" მოსწავლეების მიერ გაიმართა ბუნების, ეკოლოგიის, გარემოს დაცვის საკითხებზე შექმნილი საუკეთესო სლოგანის, ნახატების, ესეების, ფოტოების პრეზენტაცია. ასევე პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების და ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

,,ბანაკში მონაწილეებისათვის დღის პირველი ნაწილი დაეთმო სემინარებს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებასა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, გაეცვნენ ბუნებაში ორიენტაციის და უსაფრთხოების წესებს, ისაუბრეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაზე. ვფიქრობთ ამ ბანაკმა მოზარდები გარემოსადმი უფრო მეტად სენსიტიურები გახადა“ - განმარტავს საზოგადოება ბილიკის წარმომადგენელი ლია გორელიშვილი.

ეკობანაკში მოსწავლეებთან შესახვედრად ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე ჩავიდა. ბანაკში მოზარდებთან ერთად მიყოფებოდა ასევე ქ. გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს-ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, რომელმაც მოსწავლეებს შიდა ქართლის ტურისტულ პოტენციალი გააცნო და ეკოტურიზმზე ესაუბრა, მოსწავლეებთან ერთობლივად მოხდა იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც ქალაქ გორში გარემოს დაცვის სფეროში არსებობს, იმსჯელეს ასევე გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში ახალგაზრდების, თემის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე.

ეკობანაკი საზოგადოება ,,ბილიკმა“ პროექტის „გახდი მწვანე მოქალაქე“ ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოაწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები