ახალი ამბები
ბერშუეთთან სტუდენტთა აქციები დღეს საღამომდე გაგრძელდება
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბერშუეთთან სტუდენტთა ღამის აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ამის შესახბ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს დილით განაცხადეს.

მათი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მთელი ღამე, მათ უსაფრთხოებას იცავდნენ. ისინი საპროტესტო მშვიდობიან აქციას 16 სთ-ის შემდეგ შეწყვეტენ.

ღამის განმავლობაში პოლიციის მოთხოვნით აკრძალული ჰქონდათ ცეცხლის დანთება, ასევე, საინიციატივო ჯგუფის დაჟინებული მოთხოვნით, აქციის წევრებს ალკოჰოლური სასმელების მიტანაც აკრძალული ჰქონდათ.

სტუდენტებმა, გუშინ, ადგილობრივი მკვიდრის, გიორგი ხოდელის ყანის სიახლოვეს კარვები გაშალეს და ღამე გაათენეს.

ისინი, მწვანე ბანერიდან, რომელიც 2017 წლის 19 ივნისს დამონტაჟდა, დაახლოებით, 500 მ მანძილზე იმყოფებიან.

მწვანე ბანერის დამონტაჟების შემდეგ გიორგი ხოდელისა და სხვა ადგილობრივების ყანები საოკუპაციო ზოლში მოჰყვა. სტუდენტებმა პლაკეტები წარწერით ,,არა ოკუპაციას" დაამზადეს და საოკუპაციო პოლიტიკა გააპროტესტეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები