ახალი ამბები
ბოლო სამ თვეში გორსა და გორის რაიონში 11 შინაური ცხოველი გაცოფდა
ერთი კვირის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში ძროხას ცოფი დაუდგინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

სოფლის წარმომადგენლის, ზურაბ ყაჯრიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა.

დაავადებული საქონლის გაუვნებელყოფის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზე სოფელ ყელქცეულში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგიც იმყოფებოდა.

,,კერაზე, ერთი კვირის წინ, უშუალოდ, მე ვიყავი გასული. ეს ძროხა საბალახოდ იყო გაყვანილი. დაავადების შესახებ პატრონებმა არ იცოდნენ. ამ ძროხამ დაიწყო ბღავილი, ჯერ კიდევ, რძეს არ იძლეოდა. აგრესიული გახდა, საჭმელს რომ დაუყრიდნენ, არ ეკარებოდა. ამ დროს, ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფა დაიწყო. გამოაცალკევებს დანარჩენებს და ჩამოიყვანეს. მეორე თუ მესამე დღეს დაიღუპა ეს ძროხა" - აცხადებს ნელი ამბოკაძე.

მისი თქმით, ბოლო სამ თვეში, გორსა და გორის რაიონში ცოფით ცხოველების დაავადების სულ 11 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულებს შორის არის ძაღლი, ზაზუნა, კატა, ხბო და ძროხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები