გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების მფლობელთა დოკუმენტაციის
გადამოწმების პროცესი დაიწყეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გარემოს დაცვის
სამინისტროდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, პროცესი ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა, მაღალი
საზოგადობრივი ინტერესიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში მთელი
საქართველოს მასშტაბით განახლდა.
ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფეისბუქ
გვერდსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ
ხაზზე ხშირად შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დეპარტამენტის
აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში (ბულვარსა და
სანაპირო ზოლზე), იმ მოქალაქეების საჭირო დოკუმენტები გადაამოწმეს,
რომლებსაც ეგზოტიკური ცხოველები და ფრინველები (მაიმუნები და
თუთიყუშები) დაჰყავთ და დამსვენებლებს მათთან ფოტოების გადაღებას
სთავაზობენ.
,,ამ ეტაპისთვის შემოწმებული ყველა შემთხვევიდან დადასტურდა, რომ
აღნიშნული ცხოველების მეპატრონეებს ცხოველთა ფლობისთვის საჭირო ყველა
შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში აქვთ." - აცხადებენ
პრეს-სამსახურში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მსგავსი შეტყობინებების შემოსვლა
ყოველ წელს აქტიურდება და დეპარტამენტის თანამშრომლებიც, შესაბამისად,
მუდმივად ახდენენ ამ შემთხვევების გადამოწმებას.
,,ეს პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება და ეგზოტიკური ცხოველებისა და
ფრინველების ფლობის ფაქტები, არა მხოლოდ აჭარის რეგიონში, არამედ,
მთელი საქართველოს მასშტაბით მოწმდება." - აღნიშნულია სამინისტროს
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები